Friday, November 30, 2012

ამორალური მორალი
მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობ
განაჩენზეც მომესაწყლა ხელი;
ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს...
ჩამოცლილა მადლის საწნახელი.

რა უჩუმრად გაიბზარა გობი,
გაიპარა ჩანაწობი წლები...
ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი -
უბნის ქურდად მონათლული ძმების.

ვხედავ: ცასაც უღალატა მიწამ,
საძმო ფული აწ ფუფულოდ ხარჯე...
სერობამდე გაგცა მამლაყინწამ
და ცხრა წელი შემოადნა მაჯებს.

ბობორიკა "ქსანის ჰამაკს" მიქსოვს,
რომ ნარიდან ავიკრიფო ძვლები;
აბეზარი ბუზი - ტუზის სიმსხო -
გაუშვა და... გადმომხედა შვებით.

ობობასაც კი ჰქონია გული -
მაცდურ ქსელთა მბეჭავ ბაბაჭუას;
გისოსიდან მიმზერს - გაფუყული:
რა უგულოდ ვლოღნო პურის ყუას.

არა, ძმაო, არ გიკითხავ მორალს,
არც შეგიქცევ გოფრე გრამაფონით.
მაგრამ: წყალი რომ წაიღებს ბორანს,
მებორნესაც ახსენდება ფონი...

შენც ეძებე: თუმც ვერაფერს შეცვლი...
წითელ "პრიმით" ვერ ამინთებ მწვანეს;
იუდასიც არ ყოფილა ვერცხლი -
ჩამშვებაძის თამბაქოზე მწარე!..
ოცდამესამედან

მუზამ ბოლომდე დამაღალატა:
ლექსები ვერც აქ მოვისახადე...
ოცდამესამეს ვიცვამ – პალატას,
ოცდამეორე სხვაგან გამხადეს.

გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით...
ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც.
არა უშავს რა: თუკი კიბო მჭირს...
ლუდსაც ხომ უნდა – მისატანები.

უკვე ბედთანაც აღარ ვნიძლაობ,
სიკვდილს სიფათში ვენაფაზები
და ყელში ლექსად ამომდის ძმაო,
ამ წუთისოფლის მეტასტაზები.



აბსურდის სურდო
ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად,
როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით;
ყელს, საცაა, გული აებურთება –
ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული.

მალე სული ვნებას აავერტერებს,
ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით;
მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს
პლაჟს გაუშლის პაჟი – გამოგონილი.

მერე... გოდოც მოვა – დარდის გოდრით და
ბოლო სცენას გაასრულებს აბსურდის;
ამოიცან, ავიცენას გოგრიდან:
ლექსის სურდოდ გავრცელება რას უდრის!..


თოვლის ლიბრეტო
ოთარ ჭილაძეს

ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა
და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი
და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა –
სველი, რომელსაც ასე ველოდი.

მოშრიალებდა შოპენის თოვლიც –
კლავიშებიდან – შორი ლირიკით...
და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი –
აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.

უქათქათებდა ფლანელის პლისე
ქვაფენილს და ბრმად ცეკვავდა თოვლი
და ბრამსის ბისზე: ისევ და ისევ
"უკრავდა ბავშვი სტუმრების თხოვნით"...

წრუპავდნენ მარტინს და პინტ–პორტვაინს
და ტორტმანებდა პორტის პორტალი;
თოვლის სიგარეტს სწევდა პორტიე,
თოვლს ატარებდა ტანტრე მომტანიც.

N–ი კვლავ წყენის ეძებდა მიზეზს
და "უმნიშვნელო ყოყმანის მერე"...
აგიზგიზებულ თოვლის ნარგიზებს
გულზე აღვრიდა ამღვრეულ ხერესს.

ცოლი კი: მართლა იდგა აუზთან –
ტირიფის ქოლგით და თოვლის თავშლით;
ეშურებოდა ტაშის პაუზას
და მოცარტ ცრემლებს ყლაპავდა ბავშვი...

თოვდა და თოვლის ქალს გაეტირა:
ფრანტი, გიტარა და სიგარეტი...
და თოვლ–კარეტით – კარტის ჰეტერას
მიაქროლებდა თოვლის ვალეტი!..


სალაღობო
მთვარე აჩაღებს კელაპტარს –
სიყვარულს უდგა მაზანდა;
ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს
მოვერტყა უსურვაზადა!

ყელამდე ამოგეხვიო,
სული გიბერო – ნიავი;
დაუხელაო ხეხილო,
უბე გიმხილო რთვლიანი.

თუნდა, ქვეყანამ მიშუროს,
თუნდა, მომყეფდნენ მწევრები...
ბაგეზე გადმოვიჟურო
შენი ნაბულა მტევნები!

მუხლიდან ყარყარ ყელამდე
ღილად აგასხა ფოთლები;
ყამარქალივით ღელავდე,
კავებ გიშალო შფოთები;

ვერვინ გვიშალოს წაწლობა,
ვერც ლიქნით, ვერცა – ომითა;
დაიწვას შენი ქალობა,
როგორც რო დამწვი ნდომითა!..


ჩემი ზოდიაქო
"სასწორი" ჩემი ზოდიაქოა,
ზოდს ვეზიდები – ზევსის აწონილს;
ზოგი დღე – ნემსი, ზოგი – მაქოა,
ღამე – ქილა და დილა – მაწონი.

ერთიღა მრჩება თავმოსაწონი:
გადაუღვრელი წყალი – წაწლობის
და სარეცელი – მაცდურ საცოლის –
მუზის – თამუზის მკლავზე ნაწოლის.


"სამადლო თოვლი"
არ შეგაგონო, გული ვით მიზამს:
ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია;
არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა!
თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან.

იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ,
რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები
და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს
ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.

სხვა ღამისაა სანთლები არყის
და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია;
მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვის ქვეყანაში რაც უთოვლია.


"ევას კურცხალი"
უკვე ქალი ხარ
და არ გრცხვენია
იმ სიმორცხვის და
იმ ურცხვი ხვადის


ყველა ქალი ხომ
ევას ცრემლია...
შენც იმ უპიდან
გადმოკურცხალდი.

რა უბედთეფშოდ
გადაგიარა
ტალღამ -
დანაშავ-უნაშაულის...

და ერგო ადამს:
პანტა კი არა -
სამოთხე უბის
თურაშაული!



*****

ნიკალ!... ჰა, ნიკალ!... - შემოგძახეს აქეთ-იქედან:
მარტო რად სვამო?...
და ცა-თვალებს ვერ ახამხამებ;
ტიკჭორის ჭინკა ძეწკვს გახარბებს -
ბოლო ჭიქიდან
და ჭიქიანად ტყდება ეს ღამე!
ღიპღიპელები შუბლში ჯამებს იჯახუნებენ!...
შავ მუშამბიდან მეეზოვე შემოგბღცერს ცოცხით;
ცა შეგიწამლავს შაბიამნით და...
ღმერთიმც გიცოცხლოს!
მაინც...რა ბადით იჭერ ამდენ
ცოცხალს და ფერებს...
არ სჯობდა: ბედი დაგეჭირა -
თუნდაც ლიფსიტა?!
რა მუზის ჩაი აიჩემე, ვინ დაიჯერებს,
რომ გულს იჯერებ ცივი ჩაის სმითა.
იმ სამოვარის ამ
თვალებმშრალებს რა გაეგებათ,
-ჩაილულიო...
და დუქნისკენ გაჩქარდებიან!
...........................
*****

ვაი, რა ცუდი ყოფილა,
ქართველთან ცოლზე ცილობა...
თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია,
ცხენიანა მჭირს ჭრილობა!
რა მწუხთში ამოწობილა
უცხო მიწა-წყლის შვილობა.
ყარყუმის ბეწვის მაგიერ -
ჭინჭნარში წოლა ტიალად;
უნდომლად ჩამორთმეული
ალალ მოწვდილი ფიალა...
მაგრამ... თუ ქალმა გაცდუნა,
მაგრამ... თუ გულმა იალა,
სისხლმა იყივლა, აგჩინჩხლა
თივისებრ აგაბრიალა!...
ხორცი - ხოხბისა კი არა,
პური - თავთუხის კი არა,
ღვინო - მუხრანის კი არა...
უმალ ბეწვი თმა მოგარჩენს,
ურჩომიმც გჭირდეს იარა.
ვაი, რა შარი ყოფილა,
ცაი, რა ზარი ყოფილა,
რა ბინდისკარი ყოფილა -
ქართველოს ცოლზე ცილობა...
ქვიშას ვჭამ მუხრანისასა
ათასგანა მჭირს ჭრილობა!
_________________
*****

მეც მყვარებია გოგო
მაგრამ ეს იყო წინათ
ეხლა ისე ვარ როგორც
გადაღებული წვიმა

******
მამადავითზე ავდივართ ორნი,
თუმცა...
ბინდია უკვე - მესამე.
რწყავს მარმარილოს
momento mori -
გრილ პანთეონის მონათესავე.

აქ ისე სიოდ ამოდის ქარი -
გრაგნილი შორი - ნიაგარების
ნელია სურო
და საყდრის კარიც
მშვიდია, როგორც
ყდა სახარების.

ლეკვიც არ შეჰყეფს
მთაწმინდის მთვარეს,
ისე მკრთალია
და ისეთი, რომ....

თუ პოეტი ხარ,
აქ დაამთავრე...
სიკვდილმა რომ არ
დაგიზეპიროს


ლაშა გახარია

No comments:

Post a Comment